ეტიკეტის დატანა ბოთლზე!2013-04-24

ვინოთეკა გთავაზობთ თქვენთვის სასურველი სასაჩუქრე და კორპორა–ტიული ეტიკეტის დატანას თქვენივე შერჩეულ ღვინის ბოთლზე.

შესაკვეთი მინიმუმი – 1 ბოთლი!!!

ფასი:  

1 ბოთლი – 1 ლარი

მომსახურება – 20 ლარი  (რაოდენობის მიუხედავად)

ეტიკეტის დიზაინი – 30 ლარიდან

(სირთულის მიხედვით)



ჩვენი რეკომენდაცია2013-12-04

გვინდა გირჩიოთ კომპანია  "ლუკასი"-ს  გამორჩეული ღვინო  საფერავი  2011.

ეს წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ფაფრის მინდვრებში მოყვანილი საფერავის  ყურძნისაგან. 



აგვისტოს გაყიდვების ტოპ ათეული2013-09-16

1. ახაშენი - ბადაგონი

2. ხვანჭკარა - თელიანი ველი

3. ტვიში – თელიანი ველი

4. ქინძმარაული - თელავის მარანი

5. ქინძმარაული - თელიანი ველი

6. ოქრო – რქაწითელი

7. ტვიში – თელავის  მარანი

8. მწვანე ქისი  - თელავის მარანი (კონდოლი)

9. იყალთოს მწვანე – გლეხური

10. მუკუზანი – თელავის მარანი



 როგორ შევიძინოთ
  1. მობრძანდით ჩვენს მაღაზიაში, მისამართზე: ლესელიძის ქ. 31
  2. დაგვიკავშირდით და შეგვიკვეთეთ ტელეფონით: 2-47-60-11
  3. შეიძინეთ ვებ–გვერდით 
    საიტიდან შეძენის წესები

 

გთხოვთ გაეცნოთ

შეკვეთის შესრულების პირობებს

ღვინო და საქართველო

ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველების ცნობიერებაში. ღვინოს სვამდნენ ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის წამოწყების თუ კეთილად დასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად, სვამდნენ დიდ ნადიმებზეც და საოჯახო სადილებზეც.
ღვინო ქართველებისთვის სასმელზე ბევრად მეტს ნიშნავს. მან გავლენა იქონია ქართველების ფილოსოფიაზე, მუსიკასა და არქიტექტურულ მოტივებზე.
დაბოლოს, როდესაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას ხელთ ეპყრა საკუთარი თმებით შეკრული „ჯვარი ვაზისა“. ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველოში გვხვდება ქრისტიანობის ამგვარი სიმბოლო.


საქართველო - ღვინის სამშობლო

საზოგადოდ აღიარებულია, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ამას ამტკიცებენ არქეოლოგები, ეთნოგრაფები, ლინგვისტები, ისტორიკოსები, ბოლოს თავად მეღვინეები.
მთავარი არქეოლოგიური მტკიცებულება არის აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ შულავერთან აღმოჩენილი კულტურული ვაზის Vitis Vinifera-ს წიპწები, რომელთა ასაკი ძველი წელთაღრიცხვით VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ღვინის არსებობის უფრო ძველი ნიშნები არსად მსოფლიოში არ მოიპოვება.
ლინგვისტური კვლევების მიხედვით, სწორედ ქართული “ღვინო”-დან გავრცელდა მთელს მსოფლიოში მისი სახელწოდება vin, vinum, wein, wine, вино... ენათმეცნიერული თვალსაზრისით შესაძლებელია სიტყვას ასობგერა მოაკლდეს და არა დაემატოს. ამგვარად, სწორედ ასობგერა „ღ“ მიგვანიშნებს ქართული დასახელების პირველწყაროობაზე.

 

კახური ტრადიციული მეთოდი

საქართველოში მევენახეობის თითოეული მხარე ცნობილია მეღვინეობის ადგილობრივი, ტრადიციული მეთოდით. ეს მეთოდები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ადგილობრივ ჯიშებზე და ყურძენზე მორგებით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კახური ტრადიციული მეთოდი, რომელიც ძირითადად კახეთში და, შედარებით ნაკლებად, კახეთის მიმდებარე რაიონებში გამოიყენება.
კახური ტრადიციული ღვინის დასაყენებლად საჭიროა მწიფე, საღი ყურძენი და ღვინის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი. ტრადიციისამებრ, კახელი მეღვინე ყურძენს დაწურავს თუ არა, მიღებულ ტკბილს მთლიან მასასთან (ჭაჭა და ხშირად კლერტიც) ერთად ქვევრებში ათავსებს. ქვევრში მიმდინარეობს ალკოჰოლური დუღილი ჭაჭასთან შეხებით, რომელიც 1-3 კვირის განმავლობაში გრძელდება. დუღილის დამთავრების შემდგომ ქვევრებს თავს ჰერმეტულად ახურავენ და ღვინოს ჭაჭასთან და ლექთან შეხებაში ტოვებენ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ დროს მიმდინარეობს ჭაჭიდან და მყარი ნაწილებიდან ღვინოში ტანინებისა და სხვა ნივთიერებების გადმოსვლა. პარალელურად ღვინო მდიდრდება ლექის ნივთიერებებითაც. გაზაფხულის სითბოს დადგომამდე, დაახლოებით მარტის თვეში, ქვევრებს თავს ხდიან და იქიდან იღებენ კახურ ტრადიციულ ღვინოს, რომელიც თავისი თანამოძმეებისაგან გამოირჩევა ძლიერი ტანინებით, სხეულითა და მდიდარი არომატით. ამას გარდა, ღვინო კარგად ძველდება, რადგან ის მდიდარია ჭაჭაში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებებით.
კახური ტრადიციული მეთოდით შეიძლება დამზადდეს როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეთრი ღვინოები, რომლებიც დავარგებისას ფერს იცვლის და ღია ჩალისფერიდან ქარვისფერში გადადის, სურნელი გადამწიფებული ხილის, ჩირებისა და მცენარეულ ტონებს ივითარებს, ხოლო გემო რბილდება და ხავერდოვნებას იძენს.
დღეისათვის კახურ ტრადიციულ ღვინოს საქართველოში ამზადებენ როგორც მცირე, ასევე დიდი მარნები. ბოლო წლებში გაიზარდა მარნებში ქვევრების რაოდენობაც. თუმცა ქვევრების პარალელურად, კახური მეთოდით ღვინოს სხვა ჭურჭელში - კასრებში, ბუტებსა და რეზერვუარებშიც ამზადებენ. მეთოდი იგივეა, თუმცა ქვევრებისგან განსხვავებით რეზერვუარებში ჭაჭასა და ლექზე ღვინის დავარგების ხანგრძლივობას ადგენენ ყოველდღიური დეგუსტაციებისა და ანალიზების მიხედვით. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ ღვინოს ჭაჭიდან ხსნიან და გადააქვთ დასავარგებლად. ჭაჭას გამოწნეხავენ, მიღებულ ღვინოს ცალკე ინახავენ, ხოლო დარჩენილი ჭაჭისგან ხდიან ცნობილ ჭაჭის არაყს.
ასე მიიღება „თანამედროვე ტრადიციული“ ღვინოები, რომლებიც ხშირად არც ჩამოუვარდება ქვევრის ღვინოებს. ამგვარი კახურებიც ძლიერი ტანინებითა და არომატით გამოირჩევა, კარგად ვარგდება და დავარგებისას ქარვისფერ შეფერილობას იღებს.

 

ქვევრი

ქვევრი დამახასიათებელი ფორმის თიხის გამომწვარი ჭურჭელია, რომელსაც ღვინის დასაყენებლად და შესანახად იყენებენ. მისი ტევადობა 50-დან 1000 ლიტრამდეა, თუმცა იშვიათად მისი მოცულობა რამდენიმე ათას ლიტრამდე შეიძლება აღწევდეს.
ქვევრს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ. კუთხის, ქვევრის ზომისა და სხვა თვისებების მიხედვით, მას შეიძლება ეწოდოს - ქვევრი, ჭური, ლაგვანი, ქვიბარი, ჩასავალი, ქოცო და სხვა.
მიწაში ყელამდე ჩაფლულ ქვევრში მოთავსებული ღვინო თანაბარ ტემპერატურას ინარჩუნებს წლის სხვადასხვა დროს, შესაბამისად ის უკეთ ინახება. თავზე ქვევრს ქვის ან ხის სარქველი ეხურება და ღვინო რომ არ გაფუჭდეს იგი თიხის გამოყენებით ჰერმეტულად იხურება. შედარებით დიდი ფორების ამოსავსებად ქვევრის შიდა ზედაპირს ხშირად ფუტკრის ცვილით ან სხვა მასალით ამუშავებენ.
ქვევრის დამზადება საკმაოდ რთული პროცესია. მექვევრეობას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მისდევდნენ, თუმცა იყო გამორჩეული ადგილები, სადაც განსაკუთრებულად კარგი ქვევრები მზადდებოდა. თიხის ხარისხთან ერთად ამას განაპირობებდა ტექნოლოგიის ცოდნა, რომელიც თაობიდან თაობას, მამიდან შვილს გადაეცემოდა.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როცა მთელი ყურადღება ხარისხზე კი არა რაოდენობაზე იყო გადატანილი, ქვევრში კახური ტიპის ღვინის დაყენება კინაღამ დავიწყებას მიეცა.
არადა, ქვევრის კახური ღვინო უფრო მდიდარია გემოზე, უფრო არომატულია, გამოირჩევა მეტად სასიამოვნო ბუკეტით. ეს ღვინო აბსოლუტურად განსხვავდება მსოფლიოში ცნობილი სხვა ღვინოებისგან. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქვევრის კახური ღვინო განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რასაც ამ სასმელის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიმრავლე განაპირობებს.
ამ და სხვა მიზეზების გამო, ბოლო წლებში ქართველებმა კვლავ გაიხსენეს ქვევრი, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ყურძნის ქართულ ჯიშებს, ტრადიციული ქვევრის ღვინოების დაყენებას, რაც ქართულ ღვინოს მთელს მსოფლიოში განუმეორებელსა და უბადლოს ხდის.
ამ ტექნოლოგიით უცხოელებიც დაინტერესდნენ. ქვევრის ღვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწარმოებელი კომპანია „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი წარმოშობით ამერიკელი ჯონ უერდემანია, რომელიც ღვინოს კახეთის ულამაზეს ქალაქ სიღნაღში ამზადებს.
ქვევრებით დაინტერესდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აქ წარმოებული ქვევრები უცხოეთში გაიტანეს. ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ჯიშებისგან, მაგრამ ქართული ტრადიციული მეთოდით ჩინებულ ქვევრის ღვინოებს ამზადებენ.

 

ქართული ვაზის ჯიშები

საარაკოა ქართული, აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, რომელსაც 500-ზე მეტს ითვლიან. საქართველოსისტორიის პატრიარქმა ივანე ჯავახიშვილმა შეაგროვა მათი სახელწოდებები, რომელთა შორის უამრავია ისეთი, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში რომ გაუგონიათ - თავცეცხლა, ოქროულა, სანთელა, ღრუბელა, ღუდეშური, ყორნისთვალა, ჩიტისთვალა, მაჭკვატური, დევისთვალა, ბურძღალა, ფაჩხატა, მტრედისფეხა, მჟაველა, ფითნა...
მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორიული კატაკლიზმების დროს ამ ჯიშთა ნაწილი დაიკარგა, მაგრამ უმრავლესობა მაინც შემორჩა. საგურამოს საკოლექციო ნაკვეთში შეგროვებული და დაცულია 430-მდე ჯიში.
მსოფლიოში ცნობილ 4000-მდე ვაზის ჯიშს შორის საქართველო ყველაზე მრავალი სახეობითაა წარმოდგენილი. ქართული ვაზის ჯიშთა სიმრავლე და მათგან ღვინის დამზადების სხვადასხვა მეთოდი განაპირობებს თანამედროვე ქართული ღვინის ასეთ მრავალფეროვნებას.
დღევანდელ საქართველოში უფრო გავრცელებულია დაახლოებით 80-მდე ვაზის ჯიში, რომლებიც გამოიყენება ღვინის წარმოებაში. მეცნიერები სწავლობენ კოლექციებში დაცულ იშვიათ ჯიშებს, რათა გამოავლინონ რომელია მათგან პერსპექტიული ღვინის წარმოებისთვის.
ვაზის ჯიშთა ასეთი მრავალფეროვნებას, მათ ფუნქციურ თვისებებსა თუ გარეგნობას საქართველოს სხვადასხვა რაიონის მეტად ჭრელი გეოკლიმატური პირობები და ნიადაგი საკმაოდ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ეს, ბუნებრივია, საბოლოოდ ღვინის ხარისხსა და ღირსებებზეც აისახება.